27 ივლისი 2024,   05:04
ვრცლად
"რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ოცდახუთივე საწოლი დაკავებულია" - ივანე ჩხაიძე გრიპის ვირუსის გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობს

ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა. გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში. არსებულ ვითარებაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, "იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, სრულად არის შევსებული ქვეყნის რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი.

"ბოლო კვირის მაჩვენებელი, რასაც გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 28%-ს, ანუ ყველაზე მეტად გავრცელებულს წარმოადგენს სწორედ გრიპის ვირუსი, კერძოდ, მისი B ტიპი, რაც კლინიკურადაც აისახება პაციენტების ნაკადში. ბავშვები, რომელთაც აქვთ რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურით, ხველით, სხვადასხვა გართულებებით - მათ შორის, ფილტვების ანთების სახით ჯერ კიდევ არიან კლინიკაში.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გაშლილი და ოცდახუთივე საწოლი დღეს არის დაკავებული, ანუ, მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, მაღალ დონეზე რჩება," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე მომართვიანობის გაზრდილ შემთხვევებს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კლინიკაში, ამ ეტაპზე, ადგილები არის.

"შემოსვლა კლინიკაში არ შემცირებულა - სადღაც 40-50 პაციენტამდე აკითხავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ამბულატორიულ ნაწილში უფრო მეტია მომართვიანობა, მაგრამ ამ 45-დან, ცხადია, ყველა არ საჭიროებს ჰოსპიტალურ მომსახურებას. ნაწილი ტრავმებია; ახლა ზაფხული იწყება და დიარეის შემთხვევებიც გაჩნდება (უკვე წევს რამდენიმე ამ დიაგნოზით), მაგრამ პაციენტების მომართვიანობა მაინც მაღალია, თუმცა ადგილები გვაქვს. ამ ეტაპზე, არ არის ისე გადატვირთული, რომ ადგილები არ იყოს,"-აცხადებს მაია ჩხაიძე.

დღის ამბები