ევროპულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო განსახილველად მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პრეტენზია, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა.
"რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა. სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა", – განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, "არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.