27 ივლისი 2024,   08:07
ვრცლად
"ვარჰეის - ადამიანს, რომელიც საქართველოს მეგობარი იყო, შანტაჟი დააბრალეს" - ხატია დეკანოიძე

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის საუბარზე ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ევროკომისარი ვარჰეი საქართველოს მეგობარია, რომელსაც შანტაჟი დააბრალეს.

"ვარჰეი, რომელიც იყო მეგობარი საქართველოსი, ამ ადამიანს დააბრალეს შანტაჟი. ვარჰეის განცხადება იყო ის, რაც რეალურად მოხდა - რომ მან დაურეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გამოხატა შეშფოთება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და "რუსული კანონის" მიღების ფონზე," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება "ლელოს," ანა ნაცვლიშვილის თქმით, გაუგებარია ხელისუფლების განცხადება, როდესაც ისინი თავად მიჩნევდნენ ვარჰეის მხარდამჭერად, ახლა კი ამას უარყოფენ.

"თვეების განმავლობაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელი პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ მათ მხარს უჭერდა ვარჰეი და ორბანის ხელისუფლება. ახლა თავად უარყოფენ ამას და ამბობენ, რომ ეს იყო პროპაგანდა და სხვა არაფერი?! - მეტი კომენტარი არ მაქვს," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო."

საპასუხოდ, ვარჰეიმ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა, რომელშიც პრემიერი ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან, სატელეფონო საუბრის დროს, მუქარაზე და სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებულ თავდასხმაზე მიანიშნებდა. ვარჰეის განცხადებით, მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. "საუბრის დროს, საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით, კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში," - წერს ვარჰეი.

დღის ამბები