25 ივნისი 2024,   10:31
ვრცლად
საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ EURO 2024-ზე ქომაგების პირველი ნაკადი გაემგზავრა

EURO 2024-ზე დასასწრებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პირველი ჩარტერული რეისი დღეს შესრულდა. გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი გაემგზავრა. ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში სტადიონზე უგულშემატკივრებენ.

EURO 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს- Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings- შეასრულებენ. ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზეა მორგებული. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდება. სულ 17 ჩარტერული რეისის შესრულებაა დაგეგმილი, ამ დროისთვის კი ჯამში 5220 ბილეთია გაყიდული.

საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების ყიდვა ფეხბურთის გულშემატკივრებს 2024 წლის 24 მაისიდან ონლაინ პორტალზე TKT.GE შეუძლიათ.

ამასთან, ბილეთს სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ. მგზავრი ვალდებულია აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს. მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს და ვალდებულია, სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე გამოცხადდეს. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა, ორმხრივი ავიაბილეთი კი 390 ევრო ღირს.

დღის ამბები