28 სექტემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"სავარაუდოდ, დაძლევენ ვეტოს, აქაც გაიფორმებენ გადაწყვეტილების მიღების უფრო მარტივ წესს" - ჰერმან საბო საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე

არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პოლიტიკურ სპექტრში სადავო საკითხია - პარლამენტი პრეზიდენტის მეცხრე ვეტოს დასაძლევად ემზადება.

ოპოზიციის უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას იზიარებს და მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად, ცესკოში ერთპარტიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ცვლილებებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც გახდება ფაქტობრივად ერთპარტიული.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა იზღუდება და პროცესებზე კონტროლს "ქართული ოცნება" დაამყარებს. "გირჩში" ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება.

"გადაწყვეტილებები ცესკოში აქამდე მიიღებოდა ძველი წესით და პრობლემა არ შექმნილა, მე ვერ ვხვდები ამ ცვლილების მოტივაციას. სავარაუდოდ, დაძლევენ ვეტოს, აქაც გაიფორმებენ გადაწყვეტილების მიღების უფრო მარტივ წესს, მაგრამ ეს ვერ იქნება იმის დამზღვევი, რომ "ქართულმა ოცნებამ" თუ მასიურად გააყალბა არჩევნები, მათ გადაარჩენთ ცესკოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება 2/3-ით," - აღნიშნა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა იურიდიულმა კომიტეტმა მის მოტივირებული შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტისთვის მიუღებელია ცესკო-ში გადაწყვეტილებისთვის საჭირო მაღალი, ორ-მესამედიანი კვორუმის უბრალო უმრავლესობით შეცვლა, რაც ზურაბიშვილის აზრით, "ქართულ ოცნებას" ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. 

დღის ამბები