14 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"ტურიზმი და მშვიდობა" - თბილისი მსოფლიო ტურიზმის მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს

"ტურიზმი და მშვიდობა" 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი გზავნილი იყო. ღონისძიებას, რომელსაც 30 წელზე მეტი ისტორია აქვს, საქართველომ პირველად უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაღალი რანგის სტუმრებთან მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ალტერნატივა არ აქვს. კობახიძის განცხადებით, საქართველო ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და მშვიდობა ტურიზმის განუყოფელ ნაწილად დაასახელა.

საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები 40-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს. მთავარი აქცენტი მშვიდობიან მსოფლიოზე გაკეთდა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სექტორში არსებულ გამომწვევებზე ისაუბრა.

"ტურიზმი და ბიზნესი - ინვესტიციები საქართველოში" - ეკონომიკის მინისტრმა პანელურ დისკუსიაზე საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრა. თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან და საქართველოს მიღწევები იყო დავითაშვილის მთავარი გზავნილი. გარდა პანელური დისკუსიისა, ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან.

საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ტურისტული ცნობადობის უფრო გამყარებაზე საუბრობენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.

საქართველომ, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის მსოფლიო დღეს უმასპინძლა.

 

ავტორი: სიმონ შანავა 

დღის ამბები