ივანე ჭყონია "კოალიცია ცვლილებებისთვის" სიის მე-8 ნომერია, ლელა ჯეჯელავა კი - "ნაციონალური მოძრაობის" მე-19 ნომერი. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სიებში მოხვდნენ, თუმცა ორივეს ერთი ორგანიზაცია აერთიანებს - "აირჩიე ევროპა." პოლიტიკური აქტივობის პარალელურად, ისინი არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ, კონკრეტულად კი, იმ ორგანიზაციას, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ, რამდენიმე დღის წინ, საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად სწორედ მათი პოლიტიკური აქტივობის გამო გამოაცხადა.
ორგანიზაციამ რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა, თუმცა, რამდენიმე დღეში, მისი ორი წევრი ორი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის სიაში მოხვდა. ლელა ჯეჯელავა "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ივა ჭყონია კი ბიუროს გადაწყვეტილებას დღესაც უსამართლოდ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საარჩევნო მიზანი გაცხადდა და ის არჩევნებში უშუალოდ მონაწილეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, "აირჩიე ევროპას" წევრები დამფინანსებელს "სოროსის ფონდში" შეხვდნენ სადაც, სავარაუდოდ, იმ საკითხზე მსჯელობდნენ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციიდან პარტიულ სიაში მოხვედრის შემდეგ ფინანსური საკითხების გარკვევას მოჰყვა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობაზე კითხვები აღარავის უნდა ჰქონდეს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის მოქმედი წევრები არჩევნებში ოპოზიციის სიით მონაწილეობენ, ყველაფერი აშკარაა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, არჩევნებში მონაწილეობის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის საერთო საქმეა არჩევნებზე დაკვირვებაც. მათ კავშირებზე დღეს, მმართველი პარტიის ოფისში, სპეციალური ბრიფინგიც გაიმართა. გივი მიქანაძემ იმ კვლევაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ცესკოში დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან ნახევარზე მეტი პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს. მისივე თქმით, ნაწილი ოპოზიციურ პარტიებთან პირდაპირ არის დაკავშირებული.
გივი მიქანაძემ ბრიფინგზე ჩამოთვალა ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც, რომლებიც, მისი თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას ცდილობენ, სინამდვილეში კი უშუალოდ კავშირში არიან პოლიტიკურ სუბიექტებთან.
მაგალითად: ცესკოში სადამკვირვებლო ორგანიზაციად დარეგისტრირებული "რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი" დაფუძნებულია პარტია "ახალის" გენერალური მდივნის, თენგიზ თევზაძის მიერ, რომელსაც პარტიისთვის შეწირული აქვს 10 000 ლარი.
ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელია ცესკო-ში "ლელოს" წევრი, გიორგი სიორიძე, რომელსაც "ლელოსთვის" 3 680 ლარის შემოწირულება უფიქსირდება.
ცესკოში სადამკვირვებლო ორგანიზაციადაა დარეგისტრირებული "განათლების პროფესიული კავშირიც", რომლის ხელმძღვანელი, აკაკი ხუსკივაძე "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველია. უფიქსირდება 10000 ლარის დახმარება.
ცესკო-ში ნეიტრალურ დამკვირვებლად დარეგისტრირდა "საქართველოს მომავლის აკადემია", რომლის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარეც ალექსანდრე ზიბზიბაძეა - "გირჩი მეტი თავისუფლების" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და "ფრანკლინის კლუბის" დამფუძნებელი. ზიბზიბაძე სოციალურ ქსელში პარტია "ახალის" ლიდერებთან - ნიკა გვარამიასთან და ზურა ჯაფარიძესთან ერთად ხშირად ჩნდება.
ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად დარეგისტრირდა "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელიც", რომელსაც შმაგი ჩოხელი ხელმძღვანელობს. ჩოხელი პირად ფეისბუქგვერდზე გამოირჩევა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით - ის სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს.
ბრიფინგზე დასახელებული პოლიტიკოსები დღეს ამტკიცებდნენ, რომ მათ, პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, სამოქალაქო ორგანიზაციები დატოვეს, პარტიებისთვის გაღებულ შემოწირულებას კი კანონის სრული დაცვით ახორციელებდნენ.
ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორს შორის კავშირს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე წერს, რომ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი ზღვარი, რეალურად, არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოგონილი წინადადებაა, წაშლილი ზღვარი კი ყველაზე უკეთ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიესადაგება.
ამავე საკითხზე, სოციალურ ქსელშივე გაავრცელა განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქცევა, რომლებსაც არჩევნების "მიუკერძოებელ" დამკვირვებლებად მოაქვთ თავი, დემოკრატიისთვის პრობლემად იქცა.
ოპოზიციისა და მესამე სექტორის ერთობლივ კამპანიაზე ისაუბრა დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმაც.
მმართველი პარტია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, მათ მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია შესაბამის ანგარიშებში ასახონ.