31 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან - 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - დღე რომელსაც საქართველოს ასობით ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოხუმის დაცემით, აფხაზეთში საომარი მოქმედებები დასრულდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. საერთო ჯამში, ომში, რომელშიც რუსული არმია სეპარატისტთა დაჯგუფებებს აქტიურ დახმარებას უწევდა, 10 000-ზე მეტი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
სოხუმის დაცემის დღეს, თბილისში, გმირთა მემორიალთან, შეკრება და დაღუპული გმირებისთვის პატივის მიგება მოქალაქეებმა, სამხედროებმა და პოლიტიკოსებმა დილიდან დაიწყეს. საქართველოსთვის ტრაგიკულ დღეს, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მშვიდობისკენ და იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი საქართველოს შესახებ ოცნება, რომელიც ქვეყნისთვის დაღუპულ გმირებს ჰქონდათ, მალე რეალობად იქცევა. ირაკლი კობახიძე მემორიალთან აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად მივიდა.
მემორიალთან მივიდა ოპოზიციის ნაწილიც. "ნაციონალური მოძრაობის" გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა გიორგი ვაშაძეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ამბობდნენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გმირთა მემორიალთან ყოფნის მორალური უფლება არ ჰქონდათ.
"ქართული ოცნების" სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ. დღეს არაერთხელ აღინიშნა, რომ შერიგებას ალტერნატივა არ აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარემ პატივი მიაგო ჟიული შარტავას ხსოვნას. ეროვნული გმირის საფლავზე შალვა პაპუაშვილი პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა.
აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 31 წლის წინ, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სეპარატისტებმა დახვრიტეს.