28 სექტემბერი 2024,   20:49
ვრცლად
"მადამ ვეტო" დავარქვით, მისგან რამე ღირებულს და არგუმენტირებულს უნდა ველოდოთ?" - ირაკლი ზარქუა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე დადებულ პრეზიდენტის ვეტოზე

"ქართული ოცნების" განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე დადებულ პრეზიდენტის ვეტოს ოპოზიციის დახმარების გარეშეც დაძლევს. ამასთან, მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს უწოდებს.

"პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური, დამოუკიდებელი, აანონსებს, რომ პოლიტიკაში ვარ, რადიკალებს მოუხმო ჩვენთან ერთად გაერთიანდით და არჩევნებზე უნდა მოვიგოთ. ახლა ამ ხელმოცარულებმა და მათმა მადამ პრეზიდენტმა რა უნდა ქნან?! - რეიტინგი არ აქვთ, საზოგადოებაში ნდობა არ აქვთ. ახლა სამიზნე აქვთ ცესკო, იმიტომ რომ ზუსტად იციან არჩევნებზე ვერაფერს ვერ იზამენ. ასეთ პრეზიდენტს, რომელიც არის სიმბოლო კონსტიტუციის დარღვევის, რადიკალების შეწყალების, რომელიც არის სიმბოლო - "მადამ ვეტო" დავარქვით, მისგან რამე ღირებულს და არგუმენტირებულს უნდა ველოდოთ?! - ამიტომ ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობა ბუნებრივია გადავლახავთ ამ ე.წ. პრეზიდენტის ვეტოს. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ვმოქმედებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

გარდა ამისა, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი და მისი საპარლამენტო წარმომადგენელი ვერ ასაბუთებენ, ვერცერთი არგუმენტი ვერ მოჰყავთ, თუ რატომ დაედო ვეტო აღნიშნულ ცვლილებებს. მისივე თქმით, ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული.

ცნობისთვის, საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა იურიდიულმა კომიტეტმა მის მოტივირებული შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტისთვის მიუღებელია ცესკო-ში გადაწყვეტილებისთვის საჭირო მაღალი, ორ/მესამედიანი კვორუმის უბრალო უმრავლესობით შეცვლა, რაც ზურაბიშვილის აზრით, "ქართულ ოცნებას" ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.

დღის ამბები