08 ოქტომბერი 2024,   21:18
ვრცლად
ანკარაში მომხდარი ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

თურქეთში მომხდარი აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, თუმცა გარდაცვლილთა შორის არიან თუ არა ქართველები, ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთში საქართველოს საელჩოს ჯერ არა აქვს.

ამის შესახებ კურიერთან საუბრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ირაკლი კოპლატაძემ, განაცხადა.

 „საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დაშავებულებთან დაკავშირებით საელჩოში ჯერ-ჯერობით შეტყობინება არ შემოსულა. ახლა იწყება გარდაცვლილების იდენტიფიცირების პროცესი, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან. ყოველ შემთხვევაში, როდესაც მოხდება მათი იდენტიფიცირება, ჩვენ პოლიციასთან ვიმყოფებით მუდმივ კონტაქტზე და ისინი მოგვაწვდიან შესაბამის ინფორმაციას,“ - აცხადებს ირაკლი კოპლატაძე.

ანკარაში მასშტაბური აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30–მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 120–ს აჭარბებს.

მომხდარს უკვე მიანიჭეს ტერაქტის კვალიფიკაცია, თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მედიით გავრცელდა აფეთქების ამსახველი ვიდეომასალაც.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ გამომძიებლები და მედიკოსები. ვითარებას ანკარაში სამართალდამცველები ვერტმფრენიდანაც აკონტროლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები