30 ივნისი 2024,   01:55
ვრცლად
ბევრი სათქმელი არ მაქვს, ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით - მათ საუკეთესოდ ითამაშეს - ვილი სანიოლი

პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვებისა და ევრო 2024-ის პლეი ოფში გასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"ფეხბურთელებისთვის ჩემი მთავარი გზავნილი იყო - ითამაშე ფეხბურთი. ზოგიერთს ვუთხარი, გაიხსენე, როდესაც იყავი 16-17-18 წლის, არ ფიქრობდი ამდენს. საოცრად ითამაშეს დღეს ბიჭებმა.

ბევრი სათქმელი არ მაქვს. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით. მათ საუკეთესოდ ითამაშეს არა მხოლოდ დღეს, არამედ ჩეხეთთან და თურქეთთან.

როდესაც პატარა გუნდი ხარ, ასეთ შეჯიბრში დასაკარგი არაფერია. ერთადერთი, რაც ვთქვით შეჯიბრებამდე - არ უნდა ვინანოთ არაფერი და ვისიამოვნოთ თამაშით.

ეს იყო პასუხისმგებლობა ხალხთან, რომ ქართველ ხალხს ეამაყა თავისი მოთამაშეებით," - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.
 
პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.
დღის ამბები