30 ივნისი 2024,   22:00
ვრცლად
ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის მცდელობა მიუღებელია, თავის დროზე გუნდის დაყენებაში ერეოდა მაშინდელი მმართველი პარტია და როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ყველას გვახსოვს - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ფეხბურთთან დაკავშირებით ისაუბრა და შედარებისთვის ძველი პრაქტიკა გაიხსენა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აბსოლუტურად მიუღებელია, ფეხბურთელზე განხორციელდეს პოლიტიკური წნეხი, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა.

როგორც მან აღნიშნა, მაშინდელი მმართველი პოლიტიკური გუნდი მოედანზე გუნდის დაყენებაშიც კი ერეოდა, რაც მიუღებელია.

"მინდა ძველი პრაქტიკა გავიხსენო შედარებისთვის, რადგან ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ხოლმე, რომ საქმე სხვანაირად წარმოაჩინონ.

მე მახსენდება მოვლენები წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი გადადგა მეორე დილას. მე მახსოვს მაშინდელი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრიც არის ოპოზიციიდან, როგორ შევარდა ფეხბურთის მოედანზე და როგორ ჩაარტყა წიხლი საფეხბურთო მსაჯს. მაშინ იყო გუბერნატორი ეს ადამიანი. მე მახსენდება ნორჩი "დინამოელის" უნიკალური საფეხბურთო ბაზის გასხვისება თბილისში, ასევე ბათუმის სტადიონის დანგრევა. წლების მანძილზე, ბათუმი იყო სტადიონის გარეშე დარჩენილი. მე მახსოვს შემთხვევები, როდესაც შემადგენლობის დაყენებაში პირდაპირ ერეოდნენ, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები. იყო გარკვეული სპეკულაციები ამ დღეების განმავლობაში, თქვენ მოისმინეთ სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით და ესეც ძალიან შემაშფოთებელია. ესეც ერთგვარი წნეხია ფეხბურთელზე. ფეხბურთელი უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან და თავიდან ბოლომდე უნდა იყოს კონცენტრირებული თამაშზე.

როდესაც ასეთ დროს არის მცდელობა, ფეხბურთელზე განხორციელდეს პოლიტიკური წნეხი, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

თავის დროზე იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც გუნდის დაყენებაში ერეოდა პირდაპირ პოლიტიკა, მაშინდელი მმართველი პარტია და როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენს ნაკრებში იყვნენ ღირსეული და ძალიან წარმატებული ფეხბურთელები, ფეხბურთი ვერ აღწევდა წარმატებას გამომდინარე იქიდან, რომ მიდგომები იყო განსხვავებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები