ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან, ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციას საპასუხო ნაბიჯებიც მოჰყვება.
სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამაზე ოპოზიციაც თანხმდება, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის სურვილს სკეპტიკურად უყურებენ.
პარტნიორებთან ერთად მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, ისევე როგორც რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზე, პრემიერმა საპარლამენტო გამოსვლის იმ ნაწილში ისაუბრა, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხებოდა. ამ მიმართულებით ირაკლი კობახიძემ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად ევროინტეგრაცია დაასახელა.
მშვიდობა და სტაბილურობა რომ მყარ ეკონომიკაზეა დამოკიდებული, აქცენტი ანგარიშის განხილვისას ამ საკითხზეც გაკეთდა. ირაკლი კობახიძემ კონკრეტული ციფრებიც დაასახელა. თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ხუთი თვის საშუალო მონაცემებით, 9,3%-ს შეადგენს. ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის ზრდაზეც. მათ შორის კონკრეტული უწყებების შემთხვევაში.
საქართველოს მთავრობა მიღწეულ შედეგებზე არ გაჩერდება - აცხადებენ მმართველი გუნდის ლიდერები. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება როგორც ეკონომიკის, ისე პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარებისთვის, ყველაფერს გააკეთებს.
მთავრობის სამომავლო გეგმების შესახებ მეტი კონკრეტიკა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მმართველი პარტია 4 წლიან საარჩევნო პროგრამას წარადგენს.