აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, ისტორიული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა:
"კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთიანია, ამაყია, ძლიერია თითოეული ქართველი. ეს იყო ნამდვილად ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ 26-ში. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ბევრი წლის შრომის შედეგი, ეს არს მათ შორის მთავრობის დამსახურება.
წლების განმავლობაში ხდებოდა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტსმენების მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალურად მოხერხდა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნულიყო და სპორტსმენებს საშუალება ჰქონოდათ ეკეთებინა მათი საქმე და, რა თქმა უნდა სპორტის და ფეხბურთის ნამდვილი ქომაგობის მაგალითია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უკვე 2 ათწლეულია ძალიან ბევრი საქველმოქმედო საქმე გააკეთა მათ შორის სპორტის მიმართულება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი. შედეგებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთში -სწორედ ამ ქველმოქმედების და მხარდაჭერის შედეგია. და ის, რომ ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და იმ მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა "ქართუმ" და მისმა დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა, ეს იქნება წინაპირობა, საწინდარი კიდევ შემდგომი გამარჯვებების,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.