02 ივლისი 2024,   23:46
ვრცლად
ასეთი მაგარი დღეები, დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილა - მინდა, აი, ეს ბედნიერება მოვიდეს აფხაზეთში, ჩემს სოხუმში, ღმერთია ჩვენი მფარველი - ქართველი ქომაგი საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ

ასეთი მაგარი დღეები, დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილა. რაც მთავარია, ყველა გავერთიანდით და დაიჯერა ხალხმა, რომ ჩვენც შეგვიძლია, - ასეთია გერმანიაში მყოფი ქართველი ქომაგების პოზიცია, რომლებიც საქართველო - ესპანეთის მატჩს ესწრებოდნენ.

როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარი აცხადებს, ქართველმა ფეხბურთელებმა ქვეყანაში დიდი ცვლილება შემოიტანეს და ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ სიხარულს, მომავალში აფხაზ ძმებთან ერთად გავიზიარებთ.

"ასეთი მაგარი დღეები, დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილა. რაც მთავარია, ყველა გავერთიანდით. ამ ბიჭებმა ძალიან მაგარი საქმე გააკეთეს. დიდი მადლობა ბიჭებს, დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა ქართველებს, რომლებიც ასე ორგანიზებულად გულშემატკივრობდნენ. ამ ბიჭებმა ისეთი რამ შემოიტანეს ჩვენს ქვეყანაში, რაღაც მაგარი შეიცვალა, დაიჯერა ხალხმა, რომ ჩვენც შეგვიძლია - ეს ერში მაგარ მუხტს შემოიტანს.

მე აქედან მინდა მივმართო ჩვენს ძმებს, აფხაზებს და მინდა, რომ გაიგონ ერთი რაღაც. მინდა, აი, ეს ბედნიერება მოვიდეს აფხაზეთში, ჩემს სოხუმში. დავბრუნდეთ ყველანი იქ და ჩავეხუტოთ ერთმანეთს. ღმერთია ჩვენი მფარველი", - განაცხადა ქართველმა გულშემატკივარმა.

ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

დღის ამბები