07 ივლისი 2024,   03:21
ვრცლად
საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. პირველი კანდიდატი, რომელიც ამ წუთებში საბჭოს წევრების შეკითხვებს პასუხობს, ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილია. ის კანდიდატად "უფლებათა დაცვის ცენტრმა" წარადგინა.

დღესვე, დაგეგმილია კიდევ ერთი კანდიდატის მოსმენა. საერთო ჯამში, სულ წარდგენილია 11 პირი. კანდიდატებს შორისაა ყოფილი გენ-პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიც.

საბჭო, ფარული კენჭისყრით, 11-დან 3-ს შეარჩევს. ამის შემდეგ, პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. სწორედ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთი. პოსტი ვაკანტური მაისიდან გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ვიქტორ ახალბედაშვილის განცხადებით, თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, აქვს გარკვეული ხედვები, თუ როგორ გაზარდოს ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობა.

"მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება შევწყვიტე, ყოველთვის მსურდა, მოვბრუნებულიყავი. საკმაოდ ახლოს ვარ ამ სისტემის გამოწვევებთან. მაქვს ხედვები, იმ შემთხვევაში, თუ მომეცემა პოზიციაზე საქმიანობის შესაძლებლობა, მიმაჩნია, რომ შესაძლებელია განხორციელდეს და ორმხრივად სასარგებლო იყოს როგორც სისტემისთვის, ასევე ჩემთვის.

ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მაღალია, აქ სამუშაო იქნება თანამშრომელთა ავტონომიის გაძლიერების კუთხით. ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ კონკრეტული საქმის მწარმოებელ პროკურორს ჰქონდეს მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ბუნებრივია, ეს დამოუკიდებლობის ფარგლები არ არის შეუზღუდავი. არსებობს, ასევე მნიშვნელოვანი, ერთიანი სამართლებრივი პრაქტიკა და ჩარჩო, რომელშიც უნდა ჯდებოდეს ინდივიდუალური პროკურორის გადაწყვეტილება და მისი საქმიანობა უნდა იყოს შესაბამისობაში სისხლის სამართლის პოლიტიკასთან", - განაცხადა ვიქტორ ახალბედაშვილმა.

დღის ამბები