07 ივლისი 2024,   14:47
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის კი, მათთან დგომა მთავარი წითელი ხაზია - წინასაარჩევნო კონფიგურაციას ენმ 8 ივლისს წარადგენს

"ნაციონალური მოძრაობაში" მათ გარშემო საერთო ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ 8 ივლისს პარტიის ყრილობა რეალურად იმ კონფიგურაციის პრეზენტაცია იქნება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ბაზაზე შეიქმნა. "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, ამ ეტაპზე უცნობია, რომელი პარტია ან პოლიტიკოსია მზად ამომრჩეველს მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობასთან" ერთობის პირობებში სთხოვოს.

პოლიტიკური ანტიპათიაა იმის მიზეზი, რის გამოც პარტიების უმრავლესობისთვის "ნაციონალური მოძრაობა" წითელ ხაზად რჩება. ძირითად ოპოზიციურ ძალებში, არჩევნებში ერთად მონაწილეობა და საერთო სიაში ყოფნა მიუღებელია. ნაწილისთვის კი, პრიორიტეტი ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის შექმნაა.

უარის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" ირწმუნებიან, რომ თუ მათი ერთობის მიღმა დარჩენილ პარტიებს არჩევნებში დახმარება დასჭირდებათ - გაუწევენ. თუმცა, ჯერ ისევ ცდილობენ დარწმუნებას საერთო ფრონტის აუცილებლობაში. ამბობენ, რომ იდეის სისრულეში მოსაყვანად, მზად არიან მოლაპარაკებები მათი მხრიდან დათქმების გარეშეც აწარმოონ.

ოპოზიციის გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ სახელისუფლებო გუნდში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი კონფიგურაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის ვაჭრობის საგანი იქნება. მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ ერთად თუ ცალ-ცალკე ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება, მაინც მოქმედ და ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მოუწევს.

მომავალ კვირას, უკვე ცნობილია, რომ მინიმუმ 2 პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო", ამომრჩეველს საკუთარ საარჩევნო კონფიგურაციას წარუდგენს.

დღის ამბები