როგორ მიმდინარეობს არჩევნები საფრანგეთში - მოლოდინებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ამომრჩევლები საუბრობენ. ზოგიერთი მათგანის თქმით, მოქალაქეებში დიდი გაურკვევლობაა და ყველას აწუხებს კითხვა, თუ რა იქნება მომავალში.
"ჩვენ გვაქვს დიდი გაურკვევლობა - თუ რა შეიძლება მოხდეს, რომელ პოლიტიკურმა გუნდმა შეიძლება დაამარცხოს მეორე, იქნება ეს სახალხო ფრონტი თუ შესაძლოა "ეროვნული პარტია." ჩვენ გვაწუხებს, თუ რა იქნება მომავალში," - ამბობს ადგილობრივი, ჟან მიშო.
ამომრჩევლებს შორის არიან, როგორც ემანუელ მაკრონის მომხრეები, ისე - მოწინააღმდეგეები. ამასთან, მოქალაქეებში მხარდაჭერით სარგებლობს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია.
"ვნახე საფრანგეთის ხმის მიცემის რუკა და ცოტა შემეშინდა, რადგან უმრავლესობა მარინ ლე პენის მხარესაა. ასე რომ, ცხადია, თავს კარგად არ ვგრძნობ. ვფიქრობ, ბევრ ჩვენგანს აქვს ეს განცდა, ბევრს ეშინია საფრანგეთის მომავლის," - აცხადებს ადგილობრივი, ლეოპოდინ ალაზრაკი.
"მე უფრო მეტად მომხრე ვარ მარინ ლე პენის. რადგან მსურს, რომ ცოტა რამ შევცვალოთ ქვეყანაში. მე არ ვარ ევროკავშირის დიდი ფანი და ლე პენის იდეები საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენება," - აღნიშნავს ადგილობრივი, ოლივერ შემიელი.
"მე ადრე ვაწარმოე კამპანია ბატონი მაკრონისთვის. ასე რომ, ვრჩები მის მხარდამჭერად. მე ყოველთვის ვიყავი მემარჯვენე და ამას განვაგრძობ. მე არ შევიცვლები," - ამბობს ადგილობრივი, მიშელ ბასტინი.
ცნობისთვის, საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც BBC აღნიშნავს, ეს არის პირველი არჩევნები, რომელშიც გამარჯვებისა და საფრანგეთის მთავრობის ფორმირების შანსი მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას, "ეროვნულ გაერთიანებას" აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ. არჩევნების პირველ ტურში "ეროვნული გაერთიანების" წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს.