05 ოქტომბერი 2024,   09:44
ვრცლად
ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის და იდენტობის მქონე ადამიანები - ბექა ლილუაშვილი

მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის - რა კონფიგურაციით წარსდგებიან მმართველი გუნდის ოპონენტები ამომრჩევლების წინაშე 8 ივლისს გახდება ცნობილი.

არჩევნებისთვის ერთიანდება 4 პოლიტიკური ძალა - "ახალი", "ლელო", ზურა ჯაფარიძის "გირჩი" და ელენე ხოშტარიას "დროა". არც მათთან და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ გეგმავს გიორგი გახარიას გუნდი და "გირჩი".

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის და იდენტობის მქონე ადამიანები არიან და მათი პარტიული საქმიანობის ნებისმიერი წამოწყება "ნაციონალური მოძრაობის" იდენტობასთან ასოცირდება.

"ჩვენ არ ვუერთდებით არც ერთ სხვა პარტიას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ღია არ არის. პირობითად, შეიძლება ჩვენ ველაპარაკებოდეთ სხვა პარტიის წარმომადგენლებს რეგიონებში ან თბილისში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პარტიას ველაპარაკებით.

ჩვენ ვიძახდით, რომ ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" მომავალ პარლამენტში გვირჩევნია "ლელო" იყოს წარმოდგენილი და არ გვინდა, რომ "ლელო" განაცდეს. მაგრამ, მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს ამ მიმართულებით წასვლა. ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის და იდენტობის მქონე ადამიანები და მათი პარტიული საქმიანობის ნებისმიერი წამოწყება ასოცირდება "ნაციონალური მოძრაობის" იდენტობასთან. ვინც მათთან ერთად დადგება, ცხადია, ის ადამიანებიც. სამწუხაროდ, "ლელოს" აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ქვეშ დგომის გამოცდილება და როგორც ჩანს, ახლაც ამ გამოცდილებით ხელმძღვანელობს," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ აპირებენ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანდნენ. 

"რაიმე ტიპის გაერთიანებას არ კოალიციას არ ვაპირებთ. ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია, ჩვენს გარდა, და შეიძლება მაქსიმუმ ასეთი ერთი ან ორი მოიძებნოს, საბოლოო ჯამში პარაზიტირებს "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ხმებზე და ძალიან ალოგიკური იქნება, რომ ნიკა გვარამია ცალკე გადიოდეს და ამტკიცებდეს, რომ ნაცი არ არის. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში მიდის ბრძოლა ლელოს ფულზე." - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები