06 ოქტომბერი 2024,   11:14
ვრცლად
რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიციის ნაწილი ამომრჩევლის წინაშე - დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება

მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის - ოპოზიციიდან გაერთიანებას 4 პოლიტიკური ძალა გეგმავს: "ახალი", "ლელო", ზურა ჯაფარიძის "გირჩი" და ელენე ხოშტარიას "დროა". მსურველებს ეპატიჟება "ნაციონალური მოძრაობაც", თუმცა, მათთან ალიანსში, ამ ეტაპზე, მხოლოდ, "სტრატეგია აღმაშენებელია". არც ერთ მათგანთან თანამშრომლობას არ აპირებს პარტია "საქართველოსთვის" და "გირჩი".

რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიციის ნაწილი ამომრჩევლის წინაშე, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა ტარდება. როგორც პარტიაში განმარტავენ, იქნება ბევრი სიახლე და ცვლილება, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მათ.

"ჩვენი კოალიცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა ოპოზიციურ სპექტრში. აუცილებელია, რომ ოპოზიციამ იმუშაოს ერთად. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავამარცხოთ "ქართული ოცნება". ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, სადაც ვაპირებთ, რომ არჩევნების შემდეგაც ერთად, კოალიციურ რეჟიმში ვმართოთ ქვეყანა. კარი ღიაა, ჩვენ ვთავაზობთ ერთიანობას, რომელშიც ბევრი ახალი სახე იქნება წარმოდგენილი, ისევე, როგორც პარტიები," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი ელისაბედ სიხარულიძე.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ამ ვითარებაში მთავარი ისაა, რომ ეს პარლამენტი 4 წლიანი არ იქნება, შესაბამისად, პარტიებმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ.

"ჩემს თავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" რომ ვერ ვხედავ, ეს არაერთხელ მითქვამს. ამ ვითარებაში, მთავარია, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები - ეს არ იქნება 4 წლიანი პარლამენტი და პირადი ინტერესების გადადება ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სხვა დანარჩენი პარტიების გადასაწყვეტია, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ყველა პარტია ამოვიდეს საქართველოს და არა პარტიული ინტერესებიდან," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

ოპოზიციის გაერთიანების გეგმას მმართველ გუნდში სკეპტიკურად უყურებენ. მათი განმარტებით, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება.

"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რამდენ მარტივ მამრავლებადაც არ უნდა დაიშალონ, შემდეგ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, გადაჯგუფდნენ, რამდენი ცენტრიც არ უნდა შეიქმნას, მათი ჯამია ერთი და ეს ჯამია - კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა".
პერსონა, რომელიც აფილირებულია "ნაცმოძრაობასთან", მისი მთელი ისტორია და წარსული დაკავშირებულია "ნაცმოძრაობასთან" და იმ რეჟიმთან, რაც 2012 წლამდე იყო, ამას ვერსად გაექცევიან, რაც არ უნდა რებრენდინგი გააკეთონ და ფერები იცვალონ,"- აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები