16 ნოემბერი 2024,   20:05
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი დიდ ბრიტანეთში დღეს იწყება. შეხვედრას, რომელიც ქალაქ ვუდსტოკში მდებარე ბლენ ჰაიმის სასახლეში შედგება, 47 სახელმწიფოს მეთაური დაესწრება, მათ შორის, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ძირითად თემებად უკრაინის შემდგომი დახმარება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და მიგრაცია სახელდება.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

"იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც იმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მორიგი სხდომა. აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ეს არის დამატებითი პლატფორმა, შესაძლებლობა და მექანიზმი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რათა მოხდეს მსჯელობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც აქვს ზოგადად ევროკავშირს, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ამ ქვეყნებისთვის.

საქართველო, პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით იღებს მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში," - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

 

დღის ამბები