06 სექტემბერი 2024,   04:28
ვრცლად
პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მეთხუთმეტე ადგილზეა. საუბარია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგზე, რომელშიც ქვეყანამ 4-ბალიანი სისტემიდან 3.9 ქულა მიიღო. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველომ ერთ წელიწადში პოზიცია 15 საფეხურით გაიუმჯობესა და ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2012 წელს, "ვიდემის" პოლიტიკური პლურალიზმის რეიტინგში ქვეყანა 84-ე ადგილს იკავებდა, თორმეტი წლის განმავლობაში კი 69 პუნქტით წინ გადმოინაცვლა.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ოპოზიციის ნაწილისთვის დამაჯერებელი არაა. ამბობენ, რომ პრობლემა კვლევის მეთოდოლოგიაშია. ნაწილი უნდობლობას უცხადებს ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ავტორიტეტული მკვლევარი და ანალიტიკოსი ჰყავს.

პოლიტიკური თანასწორობის ინდექსში საქართველოს მკვეთრი დაწინაურების მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება, საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ.

სახელისუფლებო პარტიის წევრებმა, დღეს, ოპონენტებს, "ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული სხვა კვლევები და ქვეყნის აღიარებული პროგრესიც შეახსენეს. კანონმდებლების თქმით, სასამართლოს, ეკონომიკური თავისუფლების, ინსტიტუციური მმართველობისა და პლურალიზმის კუთხით საქართველოს პროგრესი ადასტურებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ სპეკულაციითაა დაკავებული.

პოლიტიკური თანასწორობის ინდექსს საერთაშორისო ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნება" ყოველწლიურად აქვეყნებს. V-Dem შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში არსებული პროექტია. მას მსოფლიოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რომელსაც მსოფლიოს ბანკის "გლობალური მმართველობის ინდიკატორები" ეფუძნება.

დღის ამბები