18 ოქტომბერი 2024,   08:45
ვრცლად
ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე არაკონკურენტული გარემოა - კომუნიკაციების კომისიის კვლევის თანახმად, ინტერნეტქსელში ჩართული 994 დასახლებიდან კონკურენტული გარემო მხოლოდ ცხრაშია

კომუნიკაციების კომისიამ 2-წლიანი კვლევის შედეგები შეაჯამა და გაასაჯაროვა დასკვნა, რომელშიც საუბარი ფიქსირებულ ინტერნეტბაზარსა და ამ სფეროში არსებულ არაკონკურენტულ გარემოს ეხება. ეკატერინე იმედაძე განმარტავს, რომ ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია და ფიქსირებულ ინტერნეტქსელში ჩართული 994 დასახლებიდან კონკურენტული გარემო მხოლოდ 9-შია. ირკვევა ისიც, რომ 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი. ეკატერინე დემეტრაძის თქმით, ეს ერთი კომპანია "მაგთიკომია", რომელიც მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს. "მაგთიკომს" კომისიამ სპეციალური ვალდებულებები უკვე განუსაზღვრა.

კომუნიკაციების კომისიის კვლევას უნდობლობას უცხადებს მთავარი ადრესატი. "მაგთიკომში" ამბობენ, რომ დასკვნა რეალობას არ შეესაბამება.

კვლევის მიზანი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესება, მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფა იყო. კვლევის შედეგს საკვანძოს უწოდებს მცირე და საშუალო ტელეკომ ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც, ასევე, ფიქრობს, რომ დასკვნა ერთგვარი პრევენციაა კომპანიისთვის, რომ არასწორი გადაწყვეტილებები არ მიიღოს.

კომპანია "მაგთიკომი" კომუნიკაციების კომისიამ დღეს მობილური მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორადაც დაასახელა და სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულებაც დააკისრა. კომუნიკაციების კომისია მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო. კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ "მაგთიკომი", კონკურენტებთან შედარებით, დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებსა და შემზღუდველ გარემოს განაპირობებს. დღეს, კონკრეტულად ამ საკითხზე საუბარი, "მაგთიკომში" არ ისურვეს.

მობილური მომსახურებების ბაზრისა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის ორივე კვლევა კომუნიკაციის კომისიამ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად განახორციელა.

დღის ამბები