შინდისის ტრაგედიიდან დღეს 16 წელი შესრულდა - 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ.
დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და, ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით, თავი აიფეთქეს.
შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. ეს ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო.
დღეს დილიდან, შინდისში, გმირთა მემორიალთან, დაღუპული ბიჭების ისტორიებს იხსენებენ ოჯახის წევრები. გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა.
"ფეხში და მერე მკლავში დაიჭრა. ექიმმა უთხრა, ზოიძე წადიო, განგრენად არ გადაგექცესო. არაო, არ წავალო, მე ჩემს ბიჭებს აქ არ დავტოვებო და შევიდა უკან, ომში.
ეს ადგილი არის ჩემთვის წმინდა ადგილი - ჩემი შვილის სული აქ ტრიალებს. როცა მოვდივარ გზაში, მგონია, რომ თითქოს აქ დასახლებულია, აქ სახლი აქვს, ასეთი შეგრძნებით ვარ. ჩემი ჭკუით, მგონია, რომ ჩემს შვილთან მივდივარ, უკან რომ ვბრუნდები - ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია," - აცხადებს გმირის დედა, მარო ზოიძე.