16 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ამერიკელი მაღალჩინოსნების საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა

ამერიკელი მაღალჩინოსნების საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა, ორპარტიული ვიზიტი პრესკონფერენციით შეაჯამეს.

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა, თანამშრომლობა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით და მხარდაჭერა ევროინტეგრაციის კუთხით - ეს ამერიკული დელეგაციის მთავარი გზავნილებია.

სენატორი და კონგრესმენი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, პრეზიდენტს, პოლიტიკოსებს არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას ურთიერთთანამშრომლობის 30-წლიანი ისტორია აკავშირებს, რომლის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს აქვს.

"30 წელზე მეტია, გვაკავშირებს სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან. ყველა მინიშნება გვაქვს, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ, საქართველოს მოქალაქეებს ვგულისხმობ, მხარს უჭერენ ამერიკის ძალისხმევას, აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო, უყურებენ დასავლეთს და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდეს, საქართველოს ინტერესსა და ამერიკას ასახავს ეს - რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდეს, გაღრმავდეს, ეს სურს ამერიკას და იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ პასუხს საქართველოს მთავრობის მხრიდან "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ მათაც აინტერესებთ იგივე ურთიერთობების გაგრძელება ", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

კონგრესმენის, მაიკ ტერნერის განცხადებით, ამერიკა ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და მათი ქვეყანაში ვიზიტი სწორედ ამ მხარდაჭერის დასტურია.

"გვსურს, ხაზი გავუსვათ ამერიკასა და საქართველოს შორის მხარდაჭერას დემოკრატიული პროცესების მიმართ, ევროინტეგრაციის მიმართ, რაც სურთ საქართველოს მოქალაქეებს, მივესალმებოდით ნამდვილად ჩვენი ძალისხმევის დაფასებას, თუნდაც იმის, რომ აქ ვართ", - განაცხადა მაიკ ტერნერმა.

დღის ამბები