"წინასაარჩევნო აგიტაცია უცხოური დაფინანსებით" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ღონისძიების "დემოკრატიის ფესტივალი" აქტივობებს საარჩევნო პროცესში გარე ძალების ჩარევად აფასებს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ზოგიერთმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია წესების დარღვევით დაიწყო. დარღვევა და საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა, თავმჯდომარის განმარტებით, ე.წ. დემოკრატიის ფესტივალის აქტივობებია, რომელიც დანიური მხარის მიერ ფინანსდება. პაპუაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ფესტივალის ორგანიზატორი თავად არის პოლიტიკოსი, ამ პლატფორმას კონკრეტული პოლიტიკური პარტიები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.
ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" დამფუძნებელი, პარტია "ლელოსთან" ერთად, არჩევნებში მონაწილეობს. ლევან ცუცქირიძე ამტკიცებს, რომ ფესტივალი გამოხატვის თავისუფლების ნორმებს არ ცდება.
დანიური ფონდის დაფინანსებით და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, ღონისძიება წალენჯიხაში, თელავსა და ქუთაისში უკვე გაიმართა. სამივე ლოკაციაზე, ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი მიხეილ სააკაშვილის ბანერია - სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით. სააკაშვილის პარტიის წევრებისთვის, უცხოური დაფინანსებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს.
საარჩევნო პრინციპების მკაფიო დარღვევად აფასებს პრემიერ-მინისტრი უცხოელი დონორების მიერ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ გარე ჩარევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
სახელისუფლებო გუნდი დანიის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს - რატომ ფინანსდება დანიის მთავრობის მიერ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია და რატომ არის ამ ღონისძიებებზე ბანერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით - დიპლომატიურ სამსახურს ამ საკითხზე დუმილი, ამ დრომდე, არ დაურღვევია. ამ კითხვებზე დანიის საელჩომ არც "კურიერს" უპასუხა.