ქართველი ემიგრანტების მიმართვა - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილის სთხოვენ აღასრულოს ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული და რომელიც საარჩევნო უბნების გახსნის თემასაც შეეხება. ორბელიანების სასახლეში ხელმოწერები დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა მიიტანა.
„უპირველესი გზავნილი არის, ისინი სთხოვენ ქალბატონ პრეზიდენტს, რომელმაც ეს გზა აირჩია, რომ არ შეიცვალოს საქართველოს კურსი და ვინაიდან თქვენ იცავთ დასავლურობასო, მაშინ ის რეზოლუციაც წამოწიეთ წინ, რომელშიც პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი. ვალდებულებაა ბოლოს და ბოლოს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და ყველას ჩვენი, როცა დასავლეთზე ვსაუბრობთ, რეზოლუცია, რომელიც დასავლეთმა მოგვაწოდა ის უნდა შესრულდეს,“ - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პარლამენტის წევრის თაკო ჩარკვიანის მოწოდება პრეზიდენტისადმი, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ექსპრეზიდენტს სააკაშვილს ეხება, არასერიოზულია.
"ვნახავდით ჩვენ რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული და ამავდროულად ვნახავდით ხოლმე სტრასბურგის გადაწყვეტილებას, სადაც პირიქით კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით - ასეთ ორ შეუსაბამო ფაქტს რომ ვხვდებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ამ დროს თაკო ჩარკვიანი გამოდის, პატივისცემა ამ ქალბატონის მიმართ, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა რაიმე უნდა აღასრულოს - უკვე არასერიოზული არის, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.