16 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ის რაც 2008 წელს მოხდა, არის აგრესია რუსეთის მხრიდან, მაგრამ არის მეორე მხარე - საქართველოს იმ დროინდელი ხელისუფლების ქმედებები, რომელიც დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა - ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, წინა ხელისუფლების ქმედებებმა, რუსეთს დაუფარავი აგრესიის განხორციელების საშუალება მისცა. 

"ის რაც 2008 წელს მოხდა, არის ოკუპაცია და აგრესია რუსეთის მხრიდან, მაგრამ არის მეორე მხარე - საქართველოს იმ დროინდელი ხელისუფლების მოქმედებები, რომელიც დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა, რამაც საშუალება მისცა რუსეთის ფედერაციას, რომ დაუფარავი აგრესია განეხორციელებინა საქართველოზე.

სწორედ ამ საკითხის საბოლოო გამოკვლევა და მასზე ნათლის მოფენა არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს ასეთი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ქვეყნის მუდმივი ჯანჯღარი, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი, სამართლიანი ვერდიქტი იქნება გამოტანილი," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

ცნობისთვის, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული. "ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები", - აღნიშნავს ის. 

ინტერვიუს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.

დღის ამბები