16 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ტალიავინის დასკვნა, როგორც მტკიცებულება სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ - რატომ ცდილობს "ნაცმოძრაობა" იმის უარყოფას, რასაც ხელი თავად მოაწერა

რუსეთი რომ ომის დამნაშავე და ოკუპანტია, ეს საერთაშორისო დონეზე უკვე დადასტურებულია და გადახედვას აღარ ექვემდებარება. ჰააგასა და სტრასბურგში მოგებული პროცესების შემდეგ, "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიებას უკვე ქვეყნის შიგნით იწყებს.

მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, საჯარო სამართლებრივმა პროცესმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაარკვიოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გამოძიების აუცილებლობაზე ჰაიდი ტალიავინის ბოლო ინტერვიუც მიუთითებს. აგვისტოს ომის გამომძიებელმა, "რადიო თავისუფლებასთან", გაიმეორა იგივე, რაც მანამდე დასკვნაშიც ჩაწერა, - რომ რუსეთს სამხედრო ინტერვენციისთვის საბაბი მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებებმა მისცა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ტალიავინის დასკვნა "ნაციონალური მოძრაობისთვის" განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. "ქართული ოცნება" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში წერს, რომ ყოფილი ხელისუფლების მოღალატეობრივი ქმედებების გამართლება ვერც "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა მოახერხა, რადგან აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა პოზიცია არ შეიცვალა და კიდევ ერთხელ, პირდაპირ თქვა, რომ ქართულმა მხარემ, ცხინვალის დაბომბვით, რუსეთს საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა.

რატომ დაეთანხმა სააკაშვილის ხელისუფლება დოკუმენტს, რომლითაც რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საპასუხო ქმედების კვალიფიკაცია მიენიჭა - "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ამ საკითხზე არ საუბრობს. არაფერს ამბობენ იმაზეც, თუ რატომ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს სადავო რეზოლუციას. ყოფილი სახელისუფლებო პარტიისთვის ეს წარსულის საკითხია. "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ამ პარტიის ყოფილი წევრები დღეს ამბობენ, რომ დასკვნით, საბოლოო ჯამში, რუსეთმა ისარგებლა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰააგასა და სტრასბურგში მიღწეულ წარმატებებზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. განმარტავენ, რომ სააკაშვილის პარტია რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი გამარჯვების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამდა. ამაზე საკუთარ ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინიც საუბრობდა. ომის გამომძიებელი აცხადებდა, რომ 2008 წელს ხელისუფლებისგან რუსეთის შემოჭრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მიუღია.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაული სამართლებრივად უნდა შეფასდეს.

დღის ამბები