"ისინი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ დესტრუქციული პარტიებისთვის შავი ფულის დასაფინანსებელი წყარო, გამტარები," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვრცელ ანგარიშს "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" საქმიანობის შესახებ.
მისივე თქმით, ვაშინგტონი NED-ს თავისთვის არასასურველი მთავრობების რევოლუციური გზით შესაცვლელად იყენებს.
"ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, "ნიუ იორკ თაიმსის" რეპორტიორი, თუ სწორად მახსოვს, სტივენ კინზერი, სტატიებს აქვეყნებდა NED-თან დაკავშირებით და პირდაპირ აფრთხილებდა უცხოურ მთავრობებს, რომ ვაშინგტონი იყენებს NED-ს გლობალურად, რომ მისთვის არასასურველ მთავრობებს შეუქმნას პრობლემები და მოაწყოს გადატრიალებები.
მხოლოდ საქართველოს ჭრილში რომ განვიხილოთ ეს თემა, დავიწყოთ ISFED-ით - გახსოვთ, რაც ჩაიდინეს, პარალელური დათვლის ჭრილში, როგორ შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება შეცდომაში და თვე-ნახევარი როგორი ოლიმპიური სიმშვიდით აკვირდებოდნენ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომ როგორმე დესტრუქცია და გადატრიალება მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში, რაც არ გამოუვიდათ. შეგახსენებთ; "კანვასის" ტრენინგები, სადაც ჩამობრძანებული ტრენერები ატრენინგებდნენ ჩვენს ახალგაზრდობას და კოლექტიური "ნაცმოძრაობის" პარტაქტივს, თუ როგორ უნდა შეუტიონ სამთავრობო შენობებს და ა.შ. ბოლოს, როდესაც დონორებმა დიდი აჟიოტაჟი ატეხეს "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ, როდესაც მათი ფარი ყოველთვის იყო ევროკავშირი და გამჭვირვალობა. თურმე, ჩამოეხსნათ ნიღბები და ყველამ ნახა მათი სახე - რომ ისინი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ დესტრუქციული პარტიებისთვის შავი ფულის დასაფინანსებელი წყარო, გამტარები,"- აცხადებს ირაკლი კირცხალია.