17 ნოემბერი 2024,   01:15
ვრცლად
წლების განმავლობაში, 2022 წლიდან და შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ქართველი ხალხი არის ომის მუდმივი საფრთხის წინაშე, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის - ნინო წილოსანი

დილიდან დღის მთავარი პოლიტიკური თემაა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გზავნილები პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.

შეფასებები კეთდება როგორც ოპოზიციაში, ასევე - მმართველ გუნდში - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პირველი ამოცანაა, ქვეყანამ შეინარჩუნოს სიმშვიდე.

"ქვეყანა იბრძვის და ინარჩუნებს მშვიდობას - ეს არის ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა იმიტომ, რომ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში დაუშვებელია, რომ საქართველო, ამა თუ იმ ფორმით, რამენაირად, სამხედრო ავანტიურაში ჩაერთოს, ეს იქნება გამოუსწორებელი ზიანი მიმყენებელი ჩვენი ქვეყნისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ეროვნული, დემოკრატიული და თავისუფალი იდეის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობები, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2008 წელს არა თუ ვერ აარიდა ქვეყანას რუსული აგრესია, არამედ გარკვეულ წილად მისი ნაბიჯები პროვოცირებდა ამ აგრესიის განხორციელებას. ეს პოლიტიკური ძალა დღესაც ანალოგიურად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უბიძგებდა საქართველოს ამა თუ იმ ფორმით სწორედ ასეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლისკენ. ამიტომ ამას პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის.

"ეს არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ეს არავისთვის არ არის გასაკვირი. მთელი ამ წლების განმავლობაში, 2022 წლიდან და შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ქართველი ხალხი არის ომის მუდმივი საფრთხის წინაშე. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობის" დასრულებას, ჩვენ არაერთი ურთულესი პერიოდი განვლეთ, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" საკვანძო ფიგურების გასამართლება.

თუმცა ახლა რასაც ვპირდებით ჩვენს ამომრჩევლებს, ეს არის მათი პოლიტიკური დასასრული - გასამართლდეს ნიურნბერგის პროცესივით, იყოს საჯარო-სახალხო და ყველა ის დანაშაული, რომელზეც შეიძლება ჩვენ ასე პირდაპირ არ გვისაუბრია, სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე, ახლა 2022 წლის არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი პირდაპირ მისცემს ხმას და დაგვიკვეთავს, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაიაროს საქართველომ," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები