12 სექტემბერი 2024,   22:10
ვრცლად
ჩამოქცეული და დატბორილი გვირაბები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები - მოსახლეობის ნაწილის პროტესტის ფონზე ჭიათურის ორ მაღაროში საფრთხე ყოველდღიურად იზრდება

ჭიათურაში პროტესტის მონაწილეები მაღაროს თანამშრომლებს ხელკეტებით დაუპირისპირდნენ და ძაღლები მიუქსიეს. მათ უკვე 5 თვეზე მეტია გადაკეტილი აქვთ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები. ადგილზე გამაგრებითი სამუშაოები ვერ ტარდება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ მიწის ჩამოქცევის პროცესები დაიწყო. ადგილობრივების ერთი ჯგუფი ახლაც უბნების შესასვლელთან დგას და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს "კომპანია ჭიათურა მენეჯმენტის" წარმომადგენლებს.

გვირაბების ჩამოქცევა, დატბორვა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება - ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ადგილზე ყოველდღიური გამაგრებითი სამუშაოებია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტების თქმით, ზიანი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ეტაპზე მაღაროებში გამორთულია განიავების სისტემებიც. 

შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი პროტესტის წინააღმდეგია. მათი თქმით, მაღაროს მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს, რათა კომპანიამ ადგილობრივებზე კომპენსაციების გაცემა განაახლოს. ცნობილია, რომ თავად პროტესტის მონაწილეებს ათი ათასობით ლარის ოდენობით კომპენსაციები უკვე აღებული აქვთ.

შუქრუთში სახლების დაზიანება საბჭოთა პერიოდში, სამთო მოპოვებითი სამუშაოების დროს მოხდა. მას შემდეგ ადგილზე წიაღისეულის მოპოვება არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს კომპანიამ ადგილობრივების თხოვნით კომპენსაციების გაცემაზე მემორანდუმი გააფორმა. საორიენტაციო ბიუჯეტი 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდეა, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე წელში კომპენსაციების სახით 3-ჯერ მეტია გადახდილი.

სამუშაო პროცესის 5 თვიან პარალიზებას სამართლებრივი შედეგებიც მოსდევს. "მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედება" - ამ მუხლით პროკურატურამ პროტესტის მონაწილეებს ბრალი წარუდგინა. სასჯელი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე მაღაროებთან მისასვლელი უბნები აქციის მონაწილეებს კვლავ პარალიზებული აქვთ. ადგილზე მიწის ჩამოქცევის და დატბორვის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება.

დღის ამბები