13 სექტემბერი 2024,   13:49
ვრცლად
პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის მამულშია - დღისა და ღამის კონცერტების სერია 31 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის მამულშია. სიმფონიური ორკესტრი მალერის მეოთხე სიმფონიასა და მოცარტის სავიოლინო კონცერტს ასრულებს. ახალგაზრდა მუსიკოსები წინანდლის რიგით მე-6 საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადებიან. წინანდლის ფესტივალი ჯუზეპე ვერდის რეკვიემით გაიხსნება. პან კავკასიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდს, დირიჟორი, ჯანანდრეა ნოზედა უხელმძღვანელებს

პანკავკასიური ორკესტრი, ფესტივალის განმავლობაში ქართველი და საერთაშორისო სტუმრებისთვის დღისა და ღამის კონცერტების სერიას გამართავს. ფესტივალისთვის მზადება წინანდლის მამულის სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობს. ვიდრე ახალგაზრდა მუსიკოსები მსოფლიო დონის შემსრულებლებთან ერთად სცენაზე გამოვლენ, საფესტივალო პროგრამის შესწავლაში მათ მსოფლიოში ცნობილი პედაგოგები ეხმარებიან.

წინანდლის ფესტივალი წელს მელომანებს 9 დღიან მუსიკალურ პროგრამასა და 17 კონცერტს ჰპირდება. მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ფესტივალის დიდი ნაწილი ქართველ შემსრულებლებსაც დაეთმობა. ფესტივალს პან კავკასიურ ორკესტრთან ერთად საზეიმოდ დახურავს ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. მუსიკალურ ნაწილის გარდა, წინანდლის ფესტივალი სტუმრებს თეატრალურ წარმოდგენასაც შესთავაზებს: ,,მელოტი მომღერალი ქალი” ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც თუმანიშვილის თეატრის მსახიობები წარმოადგენენ.

წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება. 31 აგვისტოდან მელომანებისთვის ჯადოსნური მუსიკალური მოგზაურობა ოფიციალურად დაიწყება, რომელიც 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები