17 ნოემბერი 2024,   01:02
ვრცლად
ვითხოვთ, სანამ სრულად დასრულდება განხილვა, შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება - ანა ნაცვლიშვილი "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შესახებ 

საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოსარჩელე მხარეები პრეზიდენტი, არასამთავრობოები და ოპოზიციონერი დეპუტატები არიან.  

მოსარჩელე მხარე იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს. 

"სასამართლოს წინაშე ვითხოვთ, სანამ სრულად განხილვა დასრულდება, შეჩერდეს ამ რუსული კანონის მოქმედება, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღეში, მისი დრაკონული ეფექტები უკვე ამოქმედდება, თუ ის არ იქნება გაჩერებული," - აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი. 

საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმყოფება ასევე ოპოზიციონერი თამარ კორძაია, რომელიც იმედ გამოთქვამს, რომ მოსამართლეები მათ სარჩელს გაითვალისწინებენ.

"ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს, იმისათვის, რომ გავხდეთ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა," - აცხადებს თამარ კორძაია. 

 

ავტორი: მარიამ ურუშაძე 

 

დღის ამბები