16 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ხდება თუ არა საოლქო კომისიის წევრების მიზანმიმართული დისკრედიტაცია - ენმ-ის ბრალდებები და კომისიის თავმჯდომარის პასუხი

საოლქო საარჩევნო კომისიები,საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს აირჩევენ. ცესკო ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს კომისიებს, პროცესი კანონმდებლობის დაცვით წარმართონ.

საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. "ნაციონალურ მოძრაობაში " აცხადებენ, რომ კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით ირჩევა.

"საარჩევნო კოდექსის მიხედვით, უბნის კომისიის წევრები, რომლებიც უნდა იყვნენ თავისუფლები, დამოუკიდებლები, არ უნდა იყვნენ აფილირებული არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, სწორედ ამ კვოტებზე უნდა დანიშნულიყვნენ დღეს ადამიანები. 560 აპლიკანტი იყო შემოსული ზუგდიდში - 560-დან (გავშიფრეთ ჩვენ, ვინ არიან ეს ადამიანები) ერთიც კი არ არის, რომელიც დაკავშირებული არ არის "ქართულ ოცნებასთან", ან არ არის "ქართული ოცნების" ოჯახის წევრი. ეს ადამიანები არ არიან არც თავისუფალნი, არც სამართლიანი არჩევნების ნაწილნი. კანონის მიხედვით, ეს ადამიანები თავისუფალნი უნდა იყვნენ ნებისმიერი პარტიული გავლენისგან," - აცხადებს ანა წითლიძე.

ანა წითლიძის განცხადებას ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისია, სადაც აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს.

"ზოგადად, საოლქო დონეზე, უბნის დონეზე შემადგენლობის დაკომპლექტებისას ყოველთვის ხდება საარჩევნო გარემოს დისკრედიტაცია ასარჩევი, კონკურსში მონაწილე პირების, მანიპულაციური განცხადებებით დისკრედიტირება საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის. კომისიას არ ევალება მათი გენეალოგიის მოკვლევა - ვინ ვისი ნათესავია, ვინ ვისი ოჯახის წევრია - ჩვენთვის მთავარია ის დოკუმენტაცია, რომელიც სავალდებულოა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად," - აცხადებს N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.

ავტორი: მარიამ ურუშაძე

დღის ამბები