09 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
მინდა, შემდეგი პარალიმპიადისთვის, აუცილებლად ოქრო იყოს - ამისთვის 4 წელი მაქვს და თავს არ დავზოგავ - ნინა თიბილაშვილი

პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები დასრულებულია, სადაც საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა რეკორდული მაჩვენებლით დაამთავრა.

პარაძიუდოისტებისა და ეტლით მოფარიკავეთა გარდა, საუკეთესო შედეგი აჩვენა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ, რომელიც უმაღლესი სინჯის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს დელეგაციის მიერ მოპოვებული 9 მედლიდან 4 სწორედ ძიუდოისტების ანგარიშზეა.

სხვებთან ერთად, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა. შთამბეჭდავი შედეგით დაბრუნდა საქართველოში პარაძიუდოს ნაკრებიც.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ პარასპორტსმენს, რომელმაც შედეგი დადო და რომელმაც, მედლის სახით, [შედეგი] არ დადო, მაგრამ თითოეულ მათგანს მადლობა იმიტომ, რომ ყველამ ძალიან დიდი ბრძოლა გაიარა. შემდეგი პარალიმპიადისთვის, მინდა, ოქრო იყოს აუცილებლად, ამისთვის მაქვს 4 წელი და თავს არ დავზოგავ,“ - აცხადებს პარიზის პარაოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ნინა თიბილაშვილი.

პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ ზურაბიანი იმედოვნებს, რომ მომავალ პარალიმპიურ ჩემპიონატზე ოქროს მედალს მოიპოვებს.

"მოვიპოვე ვერცხლის მედალი, გახარებული ვარ. ცოტა გულდასაწყვეტია, რომ ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, მაგრამ არა უშავს, მომავალ პარალიმპიურ ჩემპიონატზე ამ ყველაფერს შევცვლით და აუცილებლად მოვიპოვებ ოქროს მედალს," - აცხადებს პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ ზურაბიანი.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები