22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
რთული და დაძაბული მატჩი - ჩეხეთთან და ალბანეთთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს

საქართველოს ჰიმნის შესრულებისას სტვენა არ გაჩერებულა - ეს ქართველი ფეხბურთელების მიმართ ალბანელი გულშემატკივრების პირველი გზავნილი და მანამდე დადებული პირობის შეხსენება იყო. რამდენიმე დღით ადრე, ისინი საქართველოს ნაკრებს დაემუქრნენ, რომ ტირანაში ნამდვილ ჯოჯოხეთს მოუწყობდნენ.

წნეხი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ფანების და გასვლაზე თამაშის ფაქტორის გარდა, საფეხბურთო ნაწილშიც ცხადი იყო, რომ თამაში რთული იქნებოდა. ალბანეთიც და საქართველოც ჯგუფში პირველი ადგილის დამკვიდრებას ცდილობდნენ და შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

ალბანელი ფანების ამბიცია და ხმაურიანი მუქარა რომ საფუძველს მოკლებული იყო მატჩის საწყის წუთებშივე გამოჩნდა. შტურმის მცდელობა აშკარად ჩავარდა, რადგან მასპინძელმა გუნდმა მამარდაშვილის კართან რეალური მომენტები ვერ შექმნა. მათი შეტევების დროს საქართველოს ნაკრები მწყობრად იცავდა თავს. თავის მხრივ, დაცვაში ფრთხილობდნენ ალბანელებიც და რამდენიმე შეტევის მოგერიება მოახერხეს. ასეთ ტაქტიკურ ჭიდილში პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისი არ იყო იმის განცდა, რომ თამაშის სცენარი დიდად შეიცვლებოდა, თუმცა 71-ე წუთზე ინდივიდუალური გასროლის დრო დადგა - აქ სუპერგმირის როლი გიორგი ქოჩორაშვილმა მოირგო.

ზედიზედ მეორე გოლი ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში და აღნიშვნა "მარველის" სუპერგმირის, კაპიტანი ამერიკის, სტილში. ასე დაუსვა წერტილი გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთის ნაკრების იმედს, მატჩის მოგების შესახებ და მასპინძელი ქომაგების მუქარასაც, რომელთა ჯოჯოხეთი არც ისე საშიში გამოდგა.

შედეგით კმაყოფილია ვილი სანიოლი, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და მიღწეული შედეგები შემთხვევითი არ ყოფილა.

ჩეხეთთან და ალბანეთთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ოქტომბერში მომდევნო მეტოქე უკრაინა იქნება, რომელსაც როგორც ალბანელებმა, ასევე ჩეხებმა მოუგეს. ქართველი ფეხბურთელები საკუთარ კლუბებს დაუბრუნდებიან, მანამდე კი, ერთა ლიგაზე წარმატებული სტარტის ფონზე, მილოცვებს იღებენ.

საუკეთესო განწყობისთვის და სიამაყის შეგრძნებისთვის, ბოლო სამ დღეში, საკმარისი საფუძველი ჰქონდა ქართველ გულშემატკივარს. ქომაგებმა გამარჯვება ჯერ, ჩეხეთთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შემდეგ კი თბილისსა და სხვა ქალაქების ქუჩებში ალბანეთთან მატჩის დიდ ეკრანზე ყურებისას იზეიმეს. განსაკუთრებული თავგადასავალი ტირანაში ჩასულ გულშემატკივრებს ჰქონდათ. მათ გამარჯვება საკუთარ გუნდთან ერთად და იმედგაცრუებული ალბანელების გარემოცვაში აღნიშნეს.

დღის ამბები