15 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 111 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 47 ათას ტონამდე რქაწითელი, 53 ათას ტონამდე საფერავია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
"ჭარბი მოსავლის პირობებში, საფერავის დროულად დასაბინავებლად და მისი ხარისხის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად შეისყიდის, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-მდე ლოკაციაზე იბარებს", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ამ ეტაპისთვის, მოსავალი უკვე 9 300-მა ვენახე ფერმერმა დააბინავა. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ - 300 ათას ტონას შეადგენს.