19 სექტემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების ფესტივალი გაიხსნა - დასწრება თავისუფალია

ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი, 17-და 20 სექტემბრის ჩათვლით, საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.

14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა "კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.

ფესტივალი გიორგი შენგელაიას ფილმით "ალავერდობა" გაიხსნა. მაყურებელმა იხილა ფილმის პირვანდელი ვერსია, რომელიც ეროვნულ არქივს რამდენიმე თვის წინათ გადაეცა.
ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს. ფესტივალზე დაგეგმილი ჩვენებების შესახებ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდეს: ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ, მალტის ეროვნული არქივის დირექტორმა ჩარლზ ფარუჯამ, აშშ-ის ეროვნული არქივის წარმომადგენელმა ჰაიდი ჰომსტრომმა, ხორვატმა რეჟისორმა ივან სალაჟმა და სხვებმა.

კინოფესტივალი 20 სექტემბერს დაიხურება ქართული პროგრამის მეორე ფილმით, ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხლით" (1975 წელი), რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარადგენს. ჩვენება მსახიობ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა. დასწრება თავისუფალია, ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.

დღის ამბები