22 სექტემბერი 2024,   23:29
ვრცლად
მკაცრი დღის რეჟიმი, დისციპლინა და ყოველდღიური ვარჯიში - ქართული სუმოს განვითარების ახალი ეტაპი და ქართველი სუმოისტების წარმატება

გასულ საუკუნეში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სუმოს პროფესიონალურ ლიგაში ევროპელი სუმოისტი მოხვდებოდა, მაგრამ ეს ქართველმა ლევან ცაგურიამ მოახერხა. კოკაი, იგივე "შავი ზღვა" - პირველი იყო ვინც იაპონურ დოჰიოზე ფეხი შედგა და სუმოს სამშობლოში ქართული დროშაც გამოჩნდა.

მკაცრი რეჟიმი, ვარჯიში სრული დატვირთვით. ხშირად, რიკიშებს იქვე სძინავთ, სადაც ვარჯიშობენ. უმაღლეს ლიგას თავისი კანონები აქვს. შემდეგ უკვე გამოჩნდა გაგამარუ და გამოჩნდა ტოჩინოშინი, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო და ოძეკის წოდებაც დაიმსახურა. ქართველი რიკიშის წარმატებამ სუმოს პოპულარობა ჩვენთან კიდევ უფრო გაზარდა.

სამოყვარულო სუმოში საქართველოს გუნდს უკვე ბევრი მედალი აქვს მოპოვებული. 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც ჩვენებისთვის შედეგიანი გამოდგა. ხუთ ბრინჯაოსთან ერთად, ქართველების ყულაბას ლაშა ჯელაძეს ოქროც დაემატა.

დოჰიოს წრეში წონის მიხედვით შედიან. პროფესიონალური ლიგისგან განსხვავებით, სამოყვარულოში ამას ყურადღება ექცევა. რა თქმა უნდა, ყველა ქართველ რიკიშის სუმოში მოსვლამდე სხვა საწყისი ბაზა ჰქონდა. მათი დიდი ნაწილი ძალისმიერი სპორტით იყო დაკავებული. სუმოში გადასვლის შემდეგ კი ყველას მიზანი ერთია - ტურნირების მოგება და უმაღლეს ლიგაში გადასვლა.

მძიმე ტრავმები აქაც ხშირია. მყესების და კუნთების დაზიანება, მოტეხილობა ქართველმა რიკიშებმა საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწიეს სუმოს დომინანტებს: იაპონელებს და მონღოლებს. ეს კი ტოვებს იმედს, რომ უმაღლეს ლიგაში რომელიმე ჩვენს სუმოისტს კვლავ ვიხილავთ.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები