14 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
შუქრუთში მიმდინარე პროტესტის გამო, იძულებულები ვართ, დავიწყოთ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების კონსერვაციის პროცესი - ირაკლი ნოზაძე

"შპს ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვის დირექტორის ირაკლი ნოზაძის განცხადებით, შუქრუთში მიმდინარე პროტესტის გამო, კომპანია იძულებულია, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების კონსერვაციის პროცესი დაიყოს.

მისი განმარტებით, პროტესტის გამო, მაღაროები 6 თვეზე მეტი ხნით იყო დახურული, რის გამოც მთავრობის მიერ 2013 წელს მიღებული დადგენილება კომპანიას ავალდებულებს მაღაროების კონსერვაციის პროექტი დაიწყოს.

"შუქრუთში მიმდინარე პროტესტის გამო, მოხდა ის, რისგან თავის არიდებასაც უკვე დიდი ხანია ვცდილობდით. იძულებულები ვართ დავიწყოთ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების კონსერვაციის პროცესი, ვინაიდან ხსენებული ვალდებულება გამომდინარეობს მთავრობის 2013 წლის ნომერ 430 დადგენილებიდან, სადაც საუბარი პირდაპირ არის, რომ თუ ხდება მაღაროს 6 თვეზე მეტი ხნით შეჩერება, კომპანია ვალდებულია განახორციელოს კონსერვაციის სამუშაოები. კონსერვაციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს აუცილებლად, შესაბამისი პროექტების მიხედვით. ამიტომ, უშუალოდ პროტესტის მონაწილეებთან მექნება თხოვნა: გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ კონსერვაციის პროცესი ეს არის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ მიმართული იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობის უსაფრთხოების დარღვევა, ასევე შენობა-ნაგებობებისა და გარემოს მდგრადობისთვის რაიმე საფრთხის მიყენება, ხელი არ შეუშალონ ჩვენს ტექნიკურ პერსონალს და ჩვენს შესაბამის საპროექტო ორგანიზაციას, რათა შევიდნენ მაღაროში, დაათვალიერონ იქ არსებული სიტუაცია და განხორციელდეს შესაბამისი პროექტი.

კონსერვაციის განხორციელების პროცესში, ჩვენ შევამოწმებთ იმას, ეს მაღაროები ექვემდებარება კონსერვაციას თუ არსებული მდგომარეობა გვაიძულებს, მოხდეს მისი ლიკვიდაცია. კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ იყო მაღაროს სტანდარტული 6 თვიანი გაჩერება. პროტესტის მონაწილეების საკმაოდ რადიკალური პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ ხერხდებოდა შიგნით ვენტილაციის ჩართვა. შესაბამისად, მთელი ეს პერიოდი მაღარო დარჩენილი იყო ვენტილაციის გარეშე და ეს ყველაფერი, ჩვენ პოზიტიური მოლოდინის მიზეზებს ვერ გვაძლევს. შესაბამისად, კონსერვაციის ეტაპზე, აუცილებლად შემოწმდება შესაძლებელია მაღაროს კონსერვაცია თუ უკვე მისი ლიკვიდაციაა აუცილებელი", - განაცხადა "შპს ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ.

დღის ამბები