facebook ბანერები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან. დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ - დიპლომატიური უწყების facebook გვერდზე ბოლოს ამ შინაარსის ქარდი გამოჩნდა. საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულად ფასდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ შტატები ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით დგას, მმართველი გუნდი კი წინასაარჩევნოდ გარე ჩარევების მცდელობაზე მიუთითებს.
აქცენტი კეთდება იმ ათზე მეტ ქვეყანაზე, სადაც თითქმის 150-მდე გაუქმებული პარტიაა, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს საქმიანობა აქვთ შეჩერებული.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები დემოკრატიისგან შორს არის.
"საარჩევნო დაპირება, რომ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავენ, შორს არის დემოკრატიისგან. ეს რომ ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ახსენებს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას", რომელიც წინასაარჩევნოდ არა კეთილდღეობას პირდება ხალხს, არამედ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ამერიკას და ევროპას მტრად აცხადებდა.
"მე ვფიქრობ, კიდევ უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო ეს, რომ "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში სიმართლე გარკვეულიყო. ოცნება ადანაშაულებდა ჩვენს პარტნიორებს და მტრებად აცხადებდა ამერიკას და ევროპას. ვფიქრობ მათ აქვთ უფლება გასცენ პასუხი, ეს არის მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რა არჩევნის წინაშე ვდგავართ,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.