17 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
"არ მიგვაჩნია მთავრობის 1 წლიანი ვადა ადეკვატურად, გამომდინარე იმ რისკებიდან, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს" - თეონა აქუბარდია​ პრეზიდენტის ინიციატივაზე

პრეზიდენტის ახალი იდეა ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციისთვის - კოალიციის ნაცვლად ტექნიკური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს. როგორ უნდა შექმნას სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია ფრაგმენტირებულ ოპოზიციასთან? - ამ კითხვით "ევროინიუსი" დაინტერესდა. ინტერვიუში პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს სირთულეს წარმოადგენს და კოალიციის შექმნა, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ქარტიაზე ხელმომწერთა ნაწილი ზურაბიშვილის სქემას სკეპტიკურად უყურებს, ნაწილისთვის კი იდეა სირთულეს არ წარმოადგენს.

"ქარტიას ხელი მოვაწერეთ 9 ევროპული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, რაც არის აუცილებელი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მათ შორის, ტექნიკური მთავრობის საკითხი, გარკვეულ კონტექსტში, გამოსავალი გონია, ამ ეტაპზე, რაც არჩევნების შემდგომ უნდა იყოს ფორმირებული. რაც შეეხება ვადებს - არ მიგვაჩნია, 1 წლიანი მთავრობის ვადა ადეკვატურად, გამომდინარე იმ რისკებიდან, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, გრძელვადიანი მიზნიდან გამომდინარე," - აცხადებს "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია.

"ეს იყო შემოთავაზება პრეზიდენტის მხრიდან, რომ 1 წლის შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. იმიტომ, რომ ვაჩვენოთ ყველას, როგორ დემოკრატიულად შეგვიძლია არჩევნების ჩატარება. ტექნიკურ მთავრობაზე არსად არაფერი არ მსმენია, არცერთ დისკუსიაში ამის შესახებ არ მიმიღია მონაწილეობა. კოალიციური მთავრობა პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ჩვენ ამას გავაკეთებთ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები