დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
"ჩვენ პრეზენტაციისას მაგალითად ავიღეთ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ჩამორჩენა 2012 წლამდე ამ ქვეყნებთან იყო დაახლოებით ოთხმაგი. 2,5 იყო საბერძნეთთან, ოთხმაგი იყო ჩამორჩენა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია. როცა ოთხმაგია ეკონომიკური ჩამორჩენა, ავტომატურად ეს განაპირობებს მიგრაციას, ფიზიკის კანონივით არის - როცა ერთგან არის მეტი ეკონომიკა, მეორეგან არის ოთხჯერ ნაკლები ეკონომიკა, მიგრაციის პროცესები ბუნებრივად წარიმართება. 2028 წლისთვის ჩვენი ჩამორჩენა საფრანგეთთან, იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან ორმაგზე ნაკლები იქნება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც უფრო ნაკლები იქნება ეკონომიკური სხვაობა იქნება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, მით უფრო ნაკლები იქნება მიგრაცია.
"აქაც მთავარი გასაღები არის რეალურად ეკონომიკაში. მიზეზი, მაგალითად, რატომაც ჩამოდიან რეგიონებიდან თბილისში, ბათუმში, დიდი ქალაქებში არის ისევ და ისევ იგივე. თბილისში არის ეკონომიკა რამდენჯერმე მეტი, ვიდრე მაღალმთიან კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, აქედან გამომდინარე, გვაქვს მიგრაციის პროცესი კონკრეტული რეგიონებიდან ქვეყნის დედაქალაქში, ან ბათუმში და ა.შ. ანალოგიურად, სამწუხაროდ, გვაქვს მიგრაციის პროცესი ქვეყნის გარეთ. ასეთი პრობლემა ჰქონდა არაერთ ქვეყანას, მათ შორის რომ ავიღოთ ლიეტუვა და ლატვია - ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ლიეტუვის მოსახლეობას შემცირდა 600 ათასით - 20 პროცენტზე მეტით და ლატვიის მოსახლეობა შემცირდა 400 ათასით, აქაც 20 პროცენტზე მეტით. აქაც მარტივი მიზეზი იყო - ლიეტუვისა და ლატვიის მოსახლეობა იყო უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა, ეკონომიკებს შორის იყო სხვაობა. ამან განაპირობა ბუნებრივად მიგრაცია, მით უმეტეს, რომ ლიეტუველებისა და ლატვიელებისთვის გახსნილი იყო საზღვრები იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როცა არის სხვაობა ეკონომიკებს შორის, ეს ავტომატურად განაპირობებს მიგრაციას. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ 2012 წლის შემდეგ პრაქტიკულად მოვახერხეთ მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნება. თითქმის იდენტურია, მცირე კლება გვაქვს 2012 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში 221 ათასი ადამიანით შემცირდა ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არსებითად მოსახლეობა იყო 3,7 მილიონი და ახლაც არის 3,7 მილიონი, არის მცირე კლება. ამის მიზეზიც არის ის, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ კვლავაც გვაქვს ჩამორჩენა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რის გამოც მიგრაციის პრობლემა ძალაში რჩება. როგორც კი განვითარდება ეკონომიკა და შემცირდება სხვაობა საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკებს შორის, მაშინვე შემცირდება მიგრაციაც. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების აქტიური პროცესი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.