10 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
აშშ-ში, ქარიშხალ “მილტონის” შედეგად დატბორილ დასახლებულ პუნქტებში, ალიგატორები გადაადგილდებიან

აშშ-ში ფლორიდის შტატში, ქარიშხალ “მილტონის” შედეგად დატბორილ დასახლებულ პუნქტებს ალიგატორები აფარებენ თავს. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.

უკვე დაფიქსირდა თავდასხმის შემთხვევაც. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ უზარმაზარი ალიგატორი მათ მანქანას დაესხა თავს, როდესაც ის ადიდებულ წყალში იძირებოდა.

ველური ბუნების ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ცხოველები დასახლებულ ადგილებში გადადიან თავშესაფრის საძებნელად. ქარიშხლის შედეგად მიღებული სტრესის გამო კი შესაძლოა დეზორიენტირებულები და უფრო აგრესიულები გახდნენ.

ექსპერტების განმარტებით, წყლის კალაპოტის აწევა ალიგატორებს საშუალებას აძლევს აქამდე მიუწვდომელ და უცნობ ადგილებში გადავიდნენ. მათ შორის, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ისინი აქამდე არ ხვდებოდნენ.

ქარიშხალი “მილტონი” ფლორის შტატში კვლავ მძვინვარებს. შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი გასულ ღამეს დაატყდა თავს, მილიონობით ადამიანი ევაკუირებულია ან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები