11 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
ნებისმიერი ხმა, რომელიც მიდის ხაზარაძე-ჯაფარიძის თუ გახარიას ე.წ. პარტიებთან, ეს არის "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერა, არის არეულობისა და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხის შექმნა - არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნება" ოპოზიციას "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" უწოდებს. მათი განცხადებით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის განსხვავება მხოლოდ საარჩევნო ნომერია და მათზე არჩევანის გაკეთებით, მოქალაქეები არეულობას შეუწყობენ ხელს. უკვე მეორე დღეა, აქცენტი კეთდება მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას პარტიებზე - "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამ გუნდების ლიდერების წარსულზე საუბრობენ.

"ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ აგენტები, მხოლოდ და მხოლოდ სხვა ძალების ინტერესების გამტარებლები. განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია ორი განსხვავებული ნომრით წარმოდგენილი ძალა - ეს არის ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელო", რომელიც, კიდევ ერთხელ გავახსენოთ მოსახლეობას, რომ თავისივე გუნდის წევრმა, ელისაშვილმა ამხილა, რომ ხაზარაძე იყო ის ადამიანი, რომელიც აფორმებინებდა უძრავ ქონებებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთ და ჯალათების ძალადობის ქვეშ მყოფ ადამიანებს. ჩვენ გვახსოვს, როგორი იყო კონკრეტულ ბიზნესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება გახარიას - ეს არის ადამიანი, რომელმაც უღალატა თავის გუნდს, მაგრამ ეს რომ გვერდით გავწიოთ, ამ ადამიანის მთავარი დანაშაული ის არის, რომ ყველაფერი აქვს გაკეთებული, ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუტების ჩამოსაშლელად, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის ხიდჩატეხილობა და გაუცხოება ყოფილიყო. ნებისმიერი ხმა, რომელიც მიდის ხაზარაძე-ჯაფარიძესთან თუ გახარიას ე.წ. პარტიებთან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა, ეს არის ჩვენს ქვეყანაში არეულობის საფრთხისა და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხის შექმნა," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები