04 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
“ჩვენ იგივე გუნდი ვართ, რომელმაც “ევრო 2024-ზე“ წარმატებას მიაღწია... იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება“ - ვილი სანიოლი

უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვილი სანიოლის თქმით, აქცენტი არა ტაქტიკურ ცვლილებებზე, არამედ პირველივე წუთებიდან უკეთეს თამაშზე კეთდება. მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის შემცვლელზეც უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ეს ხვალ გახდება ცნობილი.

“უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება. უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ასე იყო ჩეხეთთან შეხვედრის გარკვეულ პერიოდშიც. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არ არის, ის შეტევებში კარგად ერთვებოდა. კიტეიშვილი კი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან მატჩისთვის მზადაა.

ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად და ხომ არ შევცვლი ტაქტიკას? - ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ. უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო და ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, ალბანეთთან უკეთ დავიწყოთ მატჩი და დავალებები შევასრულოთ.

ჩვენ იგივე გუნდი ვართ, რომელმაც “ევრო 2024-ზე“ წარმატებას მიაღწია. აუცილებელია, ჩვენი ღირებულებები, დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა სანიოლმა.

ცნობისთვის, ხვალ, 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს “მიხეილ მესხი არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. ამასთან, გულშემატკივრებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

დღის ამბები