15 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
"ჩვენთვის მიუღებელია მისი წარსულიდან გამომდინარე" - თეონა აქუბარდია ნიკა გილაურის პრემიერობის შესაძლო კანდიდატურაზე

ოპოზიციურ სპექტრში სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება. "კურიერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი სწორედ გილაურია. ოპოზიციაში გილაურთან დაკავშირებით პოზიციები ორად იყოფა.

"ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მსგავს საკითხებზე არჩევნების შემდეგ შედგება დისკუსია.

"შესაძლებელია ნიკა გილაურიც იყოს, სხვა კანდიდატებიც არსებობდეს, მაგრამ ამის განხილვისთვის იქნება შესაფერისი დრო 26 ოქტომბრის შემდეგ. მაგრამ ახლა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არის ის, რომ თანამდებობისა და კონკრეტული პორტფელების შესახებ განხილვებში არ შედის. ყველა კანდიდატურა, რომელსაც პრეზიდენტი წარმოადგენს ამ ქარტიით, იქნება განხილული, იქნება დისკუსია და მსჯელობა," - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრებს, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ნიკა გილაურის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია.

"ჩვენ არანაირი ინფორმაცია, არც პრეზიდენტისგან და არც სხვა ფორმით, არ გვქონია, რომ შესაძლებელია ის იყოს ტექნიკური მთავრობის კაბინეტში წარმოდგენილი თუ განსახილველი კანდიდატურა. თუ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი მისი წარსულიდან გამომდინარე. ჩემთვის მისი ბიოგრაფია უკავშირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობაში" მთავრობაში ყოფნას. თუ ეს იქნება სიმართლე და დაადასტურებს თავად პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ნიკა გილაურმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ათონელის სასახლე უკომენტაროდ დატოვა. "კურიერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი სწორედ გილაურია. ნიკა გილაური "რუსთავი 2-ის" კამერამ ექსკლუზიურად ათონელის რეზიდენციაში შესვლის დროს გადაიღო. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გილაურს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. მანამდე ის ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას დაასახელებს, ამისთვის კი ოპოზიციისგან დასტურს ელოდება.

დღის ამბები