21 დეკემბერი 2024,   16:17
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელი გაეროს ლიბანიდან მისიის სასწრაფო გაყვანას სთხოვს და მათ ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს

“ცაჰალის“ სამიზნე გაეროს სამშვიდობო მისიაა - ისრაელის იერიშების შედეგად დაჭრილია ცისფერჩაფხუტიანების 5 წევრი. ოფიციალური თელ-ავივი ლიბანის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილიდან გაეროს მშვიდობისმყოფელების სასწრაფო გაყვანას ითხოვს. გაეროს კი ლიბანში მისიის განთავსების გამო ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს.

“ბატონო გენერალურო მდივანო, გაიყვანეთ სამშვიდობო მისიის ძალები რისკის ზონიდან. ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ ვებრძვით ლიბანელ ხალხს. ჩვენ ირანული ტერორის განშტოებას ვებრძვით - “ჰეზბოლას“, რომელმაც ლიბანი დაიკავა. ისრაელის თავდაცვის არმიამ მსგავსი მოთხოვნა არაერთხელ გააგზავნა და მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ამის მიზანი “ჰეზბოლას“ ტერორისტებისთვის, ცოცხალი დამცავი ფარის უზრუნველყოფაა. თქვენი უარყოფითი პასუხი გაეროს სამშვიდობოებს “ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს,“ - ასე მიმართა ისრაელის პრემიერ - მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს.

გუტერეშისგან პასუხი ნეთანიაჰუს ჯერ არ მიუღია, თუმცა პასუხი ისრაელის პრემიერმა ევროკავშირისგან მიიღო. ლუქსემბურგში, 27 სახელმწიფოს სახელით განცხადება ჯოზეფ ბორელმა გააკეთა, ისრაელის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა არალეგიტიმურად მიიჩნია და გაეროს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა.

პარალელურად, ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. “ჰეზბოლა“ იერიშებს განაგრძობს. ისრაელში გოლანის სამხედრო ბაზაზე უპილოტო აპარატებით თავდასხმას ისრაელის არმიის ოთხი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავებულია 60-ზე მეტი, რომელთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

ისრაელი თავდაცვასთან ერთად თავდასხმასაც აგრძელებს. ღაზის სექტორის ქალაქ დეირ ელ ბალაჰზე შეტევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებული კი 70-მდეა. შეტევა იყო ნუსეირათის დევნილთა ბანაკზეც. იერიშებმა 22 ადამიანი იმსხვერპლა. ისრაელი ამბობს, რომ მაქსიმუმს აკეთებს მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, თუმცა დაღუპულია 42 000 - ზე მეტი ადამიანი. მათგან უმრავლესობა ბავშვები და ქალები არიან.

თავდასხმების ფონზე, ვითარება რეგიონში დაძაბულია. ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელი აგრძელებს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს და ამას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფად აფასებს, ევროკავშირი და გაერო კი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს.

ავტორები: მარიამ იობიძე, ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები