15 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამედროვე ხარისხის სამედიცინო აპარატურით სარგებლობა დღეიდან არის შესაძლებელი

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო თანამედროვე ხარისხის სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. სამედიცინო დაწესებულებაში 2024 წელს წარმოებული ორ მილიონ ნახევარი დოლარის ღირებულების მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატია განთავსებული. 

სამედიცინო აპარატურით მომსახურება მოქალაქეებს დღეიდან შეეძლებათ. სერვისებით ხშირად სარგებლობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებიც.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე კლინიკის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"გრძელდება სტრატეგიული მიდგომა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებაში. ის აღიჭურვება ყველაზე თანამედროვე ტექნიკით და საშუალებებით, საიმისოდ, რომ ამ რეგიონის მცხოვრებლების და ამავდროულად, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ყველა ის თანამედროვე სიკეთე, რომლითაც შეიძლება სარგებლობდეს თანამედროვე ადამიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად. ეს ზოგადადაც არის საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი და ამავდროულად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პრიორიტეტი განუხრელად ხორციელდებოდეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი აღნიშნავს, რომ  საავადმყოფოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 

"რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, ტექნიკური აღჭურვილობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს მათთან ბმისა და კომუნიკაციის. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა წინადადებით, რომ ჩაატარონ 11-ვე პოლიკლინიკის რეორგანიზაცია რესტრუქტურიზაცია, რათა კიდევ უფრო მოძლიერდეს ეს სფერო და რათა უფრო მეტი ბენეფიციარი გაუჩნდეს აღნიშნულ პოლიკლინიკებს," - აცხადებს ლევან მგალობლიშვილი.

დღის ამბები